Friday, 15 November 2013

ლაქი, როგორც მეოცე საუკუნის ქრისტეს სახე სემუელ ბეკეტის პიესაში გოდოს მოლოდინში


სემუელ ბეკეტის აბსურდისტული პიესა გოდოს მოლოდინში, რომლის მთავარი პერსონაჟები ესტრაგონი და ვლადიმირი ორი მოქმედების განმავლობაში სრულიად ამაოდ ელიან გოდოს გამოჩენას 1948 წელს დაიწერა. გოდოს არყოფნა თუ სხვა გარემოებანი ბევრ შეკითხვას ბადებდა და პიესის მრავალი ინტერპრეტაცია არსებობს. მიიჩნეოდა, რომ გოდო ინგლისური ,,God’’ არის, ანუ ღმერთი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პიესა ფრანგულ ენაზე დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ინგლისურად, ვერსია გოდოსა და ღმერთის ერთიანობაზე არც თუ ისე სწორია, რადგან ფრანგულში ღმერთი ,,Dieu’’–ა. როდესაც სემუელ ბეკეტს ეკითხებოდნენ გულისხმობდა თუ არა იგი გოდოში ღმერთს ის ამბობდა, რომ ,,თუ გოდოთი მსურდა მეგულისხმა ღმერთი, მაშინ პირდაპირ ღმერთს დავწერდი და არა გოდოს. ეს ფაქტი კი ძალიან გულდაწყვეტილს ტოვებდა ადამიანებს.’’(ნოულსონი 1996:412). როდესაც ადამიანები შეეცადნენ გაეგოთ თუ რომელი რელიგიის მიმდევარი იყო სემუელ ბეკეტი და  ჰკითხეს ქრისტიანი იყო, იუდეველი თუ უბრალოდ ათეისტი, პასუხად მიიღეს ,,არც ერთი მათგანი არ ვარო.’’ (ნოულსონი 1996:279). მერი ბრუდენი წიგნში სემუელ ბეკეტი და იდეა ღმერთის შესახებ წერს, რომ ,,ჰიპოთეტური ღმერთი, რომელიც წარმოგვიდგება ბეკეტის პიესებსა თუ სხვა ნაწარმოებებში დაწყევლილია თავისი ყოფნითაც და არყოფნითაც. ის არის უარყოფილი, სატიტიზებული, ან იგნორირებული, თუმცა არც ის და არც მისი წამებული შვილი, არასდროს არ არიან  საბოლოოდ უარყოფილნი.’’ (ბრუდენი 1998:შესავალი).

მიუხედავად იმისა თუ ვინაა გოდო, პიესაში გოდოს მოლოდინში ბევრი ბიბლიური ალუზიაა: გამხმარი ხე, სიცოცხლის ხის თანამედროვე ანალოგი, პიესაში ვლადიმირი და ესტრაგონი ხშირად იხსენებენ იმ ქურდებს, რომლებიც ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს, ამას გარდა ისინი მუდმივად იმეორებენ იმას, რომ თუ გოდო გამოჩნდება ისინი უდავოდ გადარჩებიან. თავად ბეკეტი ამ საკითხს შემდეგნაირად უყურებდა ,,ქრისტიანობა ის მითია, რომელსაც ყველაზე უკეთ ვიცნობ და ამიტომ არაა გამორიცხული ის, რომ ვიყენებ მას პიესებში.’’ ( დაქუორთი 1972:18) ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პიესში გოდოს მოლოდინში მრავალ ბიბლიურ ალუზიას ვაწყდებით, თუმცა ისინი რიგ შემთხვევებში ირონიისა და სარკაზმის საკითხი ხდება.
  სტატია შეეცდება სხვა კუთხით წარმოაჩინოს სემუელ ბეკეტის ეს პიესა. ჩვენი განხილვის საგანი იქნება არა გოდო და მისი რაობა, არამედ პიესის ერთ–ერთი სხვა პერსონაჟი, ლაქი, რომელიც პოცოს თოკით ჰყავს დაბმული და მისი მეშვეობით აკონტროლებს. ლაქის პოცოს მძიმე ჩემოდნების ტარება უწევს, თუმცა სიმძიმის მიუხედავად არც კი მოსდის თავში აზრად ის, რომ შეიძლება მას ხელი გაუშვას. არც თოკისგან თავის დაღწევას არ ცდილობს და არც თავისი პატრონისაგან გაქცევა არ აქვს გეგმად. პირიქით, როდესაც ესტრაგონი და ვლადიმირი, მისი ამგვარი ყოფით შეწუხებულები ცდილობენ მის განთავისუფლებას ის წიხლს უთავაზებს მათ. მთელი პიესის განმავლობასი ის მხოლოდ ერთხელ ამბობს მონოლოგს, ისიც მაშინ როდესაც პოცო უბრძანებს მას, რომ იფიქროს. ლაქის მონოლოგი, რომელიც ერთი შეხედვით სრულ ქაოსსა და ბოდვას წარმოადგენს, სინამდვილეში სრულებითაც არ არის ალოგიკური წინადადებებისა თუ ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვების ერთობლიობა.
წარმოვიდგინოთ 1948 წელი: მეორე მსოფლიო ომის დასრულებული, ეგზისტენციალოზმისა და მისი მნიშვნელობის წინა პლანზეა წამოწეული, ნიჰილისტური განწყობა აშკარაა, და კაცობრიობაც რწმენა დაკარგულ ბრბოს წარმოადგენს. უდავოა ამ დროს საჭიროა ახალი იესო ქრისტე, რომელიც ადამიანებს ისევ ჩაუნერგავს რწმენას. თუმცა ვინ შეიძლება იყოს მეოცე საუკუნის იესო ქრისტე? ლაქი? ნუთუ ეს არის ის რაც კაცობრიობამ დაიმსახურა? დეგრადირებული იესო, რომლის მოძღვრებებიც უკვე ყველას ბოდვად ეჩვენება?
  იესო ქრისტესა და ლაქის შორის ბევრი მსგავსება შეიძლება ვიპოვოთ. პირველ რიგში ის, რომ ლაქი, რომელიც თოკით არის დაბმული წარმოადგენს ერთგვარ ტუსაღს, ისევე როგორც იესო იყო რომაელების ტყვე მას შემდეგ რაც იუდამ გაყიდა ის. ამას გარდა ლაქი დაათრევს პოცოს ბარგს, რომელიც შეიძლება ქრისტეს ჯვრის თანამედროვე სიმბოლოდ მივიჩნიოთ. გოლგოთის მთისაკენ მიმავალ გზაზე ქრისტე სამჯერ ეცემა, ჯვრის სიმძიმის გამო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიესის განმავლობაში ლაქიც მრავალჯერ წაიქცევა ხოლმე, რადგან მისი ბარგიც საკმაოდ ძნელი სატარებელია.
ესტრაგონის დასმულ შეკითხვას, რომელიც ლაქისა და მის განთავისუფლებას შეეხება, პოცო პასუხის გაცემამდე თავადვე იმეორებს: ,,რატომ არ ცდილობს კომფორტულად იგრძნოს თავი?’’ (ბეკეტი:1948) ამ სიტყვებმა არ შეიძლება არ გაგვახსენოს იესოს ჯვარცმის თვითმხილველები, რომლებიც მას მიმართავდნენ: ,,გადაირჩინე თავი, რატომ არ გადაირჩენ თავს? თუ ღმერთის შვილი ხარ, რატომ არ ძალგიცს ჯვრიდან  ჩამოსვლა?’’ (მათე 26:40) პოცოს პასუხი ამ შეკითხვაზე ამგვარია, ლაქი იმიტომ არ უშვებს ბარგს ხელს, რომ ,,სურს ამით მასიამოვსნოს, მეც აღარ მექნება მისი თავიდან მოშორების სურვილი. მას წარმოუდგენია, რომ თუ მე დავინახავ როგორ კარგად ართმევს ის მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავს მაცდუნებს ამით და აღარ მომინდება მისი გაშვება.’’ (ბეკეტი:1948) ლაქის მსგავასად იესოსაც სწამდა რომ მისი მოვალეობა ამ ტვირთის ტარება იყო, რადგან ამას შედეგად ადამიანებში რწმენის დანერგვა მოჰყვებოდა. იესომ თავისი მოციქულებს დაუბარა:,,წადით და ყველა ერში გაავრცელეთ ჩემი სწავლებანი, მონათლეთ ხალხი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ასწავლეთ მათ რომ დაიცვან ის წესები, რომლებიც მე თქვენ გადმოგეცით: და იცოდეთ რომ მე თქვენ გვერდით ვიქნები თუნდაც სამყაროს აღსასრულამდე ‘’(მათე 28:18–20).
  იესო ქრისტეს მსგავასად ლაქიც მომავალიც აშკარაა, ის განწირულია, და მას შემდეგ რაც ის თავის შესაძლებლობებს ამოწურავს პოცოს მიერ მოშორებული იქნება როგორც რაიმე უვარგისი ნივთი. თუმცა როდესაც ვლადიმირი ამ აზრს გააჟღერებს პოცოსაგან პასუხად შემდეგს მიღებს:
,,ვლადიმირი: მას შემდეგ რაც გამოსწოვ ყოველივეს რაც კარგია მასში თავიდან მოიშორებ.... როგორც ბანანის      ქერქს. ნამდვილად. . . .
პოცო: (ოხრავს, თავში შემოიცემს ხელს) არ შემიძლია ამის ატანა... აღარ შემიძლია მეტი....  როგორც ის იქცევა...  აზრზე არ ხარ.... ეს საშინელებაა.... უნდა წავიდეს.... (ხელს აიქნევს) ვგიჟდები.... (ჩაიმუხლება, ხელები ისევ თავზე აქვს შემოწყობილი) არ შემიძლია ამის ატანა... აღარ შემიძლია მეტი....  (აქვითინდება) ის ისეთი კეთილი იყო.... ისეთი დამხმარე.... მართობდა ხოლმე.... ჩემი ანგელოზი იყო.... და ახლა? მკლავს....“ (ბეკეტი:1948)
პოცოს პასუხი ვლადიმირის შეკითხვაზე შემაძრწუნებელია. პოცოს მონაკვეთში საუბარია დროის ორ განზომილებაზე წარსულსა და აწმყოზე. ამას გარდა ნახსენებია ის ცვლილებები, რომელიც აწმყ7ომ მოიტანა. აშკარაა, რომ წარსულში პოცო ლაქისაგან სარგებელს იღებდა, ახლა კი ეს შეუძლებელია. ამიტომ საფიქრებელია რომ რაღაც მოხდა ამ დროთა ცვლილების დროს ისეთი რამაც განაპირობა ეს ყოველივე: ლაქის შესაძლებლობათა დაქვეითება და მიღებული სარგებლის ეფექტურობა. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ის რომ მოხდა სულიერი სარგებლიანობის შემცირება  და არა მატერიალურისა, რადგან ლაქი ინარჩუნებს ფუნქციას იყოს ბარგის გადამზიდავი. მან უბრალოდ  პოცოს სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების უნარი დაკარგა; რაც პოცოს საკმაოდ სტანჯავს. როდესაც პოცო განაცხადებს, რომ ლაქის მისი მოკვლა სურს, ის არ გულისხმობს რომ ლაქი მის ფიზიკურად მოკვლას ცდილობს, არამედ იმას, რომ ეს უფრო მის სულიერების დამახინჯებას წარმოადგენს. მაშინ როცა ერთ დროს ლაქის მოჰქონდა სარგებელი, ეხლა ერთგვარ ზედმეტ ტვირდად აწვება პოცოს.
   თუ ლაქის განვიხილავთ როგორც მომაკვდავი ქრისტეს სიმბოლოს, ორი რამ ხდება ნათელი. პირველი ის, რომ ქრისტეს თავგანწირვა დღეს სრულიად გაუფასურებულია და მეორეც ის რომ სულიემა დაკნინებამ, რომელიც ადამიანებმა განიცადეს საუკუნეების მანძილზე ქრისტიანობაცა და რელიგიაც ზედმეტ ტვირთად აქცია ადამიანებისათვის. ისევე როგორც ქრისტეს ჯვარცმამ დაკარგა ფასი, ამგვარადვე მოხდა ლაქის ქმედებებისა და სიტყვების დეგრადირება: ,,ის ცეკვავდა ათასგვარ ცეკვებს, ფარანდოლს, ფლინგს, ბროლს, ჯიგს, ფანდაგოსა და ჰორნფაიფს. ადრე ის ხტოდა. სიამოვნებისათვის აკეთებდა ამას. ახლა კი მხოლოდ ესაა, რაც მას შეუძლია.’’ (ბეკეტი:1948) ლაქის თავშესაქცევი ცეკვების ფართო არჩევანი ახლა ჩაანაცვლა იმ მოძრაობებმა, რომლის გაკეთებაც მას ძალუცს ისიც როდესაც უბრძანებენ. ქრისტიანული ალუზიები ცხადყოფს, რომ ლაქის ცეკვის არ იყო რელიგიაც შეიცვალა, და იესოს ქმედებანიცა და სიტყვანიც წახდა. ქრისტეს  მჭერმეტყველური გამოსვლები, რომელთაც მნიშვნელობა გააჩნდათ, ტრანსფორმირდა და გახდა ლაქის სიტყვები, და მიუხედავად იმისა რომ ლაქის ,,ოდესღაც ფიქრის უნარი გააჩნდა’’ (ბეკეტი:1948), ახლა სხვათა აზრით სრულ აბსურდსა და რაღაც ისეთ ფრაზებს ამბობს, რომელთაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს და მითუმეტეს არავითარ დატვირთვას არ ატარებს.
  მიუხედავად იმისა, რომ ლაქის მონოლოგი წარმოადგენს ერთგვარ ქარაგმას, რომელიც ერთი შეხედვით არავითარი აზრის მატარებელი არაა თუ ჩავუღრმავდებით აშკარაა, რომ აჩვენებს თუ როგორ იკარგება თანდათანობით ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობა: ,,თუ ავიღებთ არსებობას რომელიც ჩამოყალიბებულია პუნჩერისა და უოთმენის ნაშრომებში პირად ღმერთზე ქუაქუაქუაქუა თეთრი წვერით... რომელსაც თავისი სიმაღლეებიდან ღვთაებრივი აპათია, ღვთაებრივი ათამბია, ღვთაებრივი აფაზია ვუყვარვართ ძლიერ.’’ (ბეკეტი:1948) ლაქის კომპლექსური მონოლოგი, მცდელობით რომ სამეცნიერო სტილი დაიცვას ერთგვარ ბოდვას წარმოადგენს. მიუხედავად ავტორებისა და ტექსტებისა, რომელსაც ის თვლის მის საუბარს  თანმიმდევრობაცა და ორგანიოზებულობაც აკლია. თუმცა მიუხედავად ამისა ლაქი წამოჭრის საკითხს ‘პერსონიფიცირებული ღმერთის შესახებს.’ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მის მონოლოგში სამეცნიერო ტონალობა და რწმენის საკითხი ერთმანეთს უპირისპირდება, რაც მეცნიერებასა და რელიგიას შორის არსებული დაპირისპირების მკაფიო მაგალითია. ლაქის მონოლოგში თუმცაღა რელიგიაცა და მეცნიერებაც ერთმანეთისაგან გამოყოფილია, რის შედეგადაც მათი როლიცა და მნიშვნელობაც აშკარად დაკნინებულია. კაცობრიობის ნაკლოვანებები იესო ქრისტესათვის საკმაოდ ნათელი იყო და ლაქიც თავის მონოლოგში შემთხვევით არ ახსენებს სამ იდუმალებით მოცულ ‘ა‘-ს: აპათია, რომელიც გულგრილობას ნიშნავს, აფაზია - გამართული მეტყველების უნარის არქონას, ათამბია - რწმენის დაკარგვა . უდავოა რომ იესო ქრისტე სულიერად დაცლილ სამყაროში აღმოჩნდა, სადაც დაკარგული იყო ღმერთის რწმენა, ინტერესი და გამოხატვის უნარი. თუმცა მან თავისი ქადაგებითა თუ სასწაულებით მოახერხა ადამიანებში არსებული ამ ღრმულის ამოვსება. ეს სიცარიელე ლაქის მონოლოგის დროსაც, ამდენი საუკუნის შემდეგაც, არ კარგავს აქტუალობას. თუმცა ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ამდენი საუკუნის შემდეგ ამ უშინაარსო, ყოველგვარად დაცლილი სამყაროს გადასარჩენად ლაქი გვევლინება თავისი მონოლოგით, რომლისგანაც აზრის გამოტანა საკმაოდ ჭირს.
 ყურადღსაღებია ისიც, რომ ლაქის საუბრისას არ ავიწყდება ჯოჯოხეთისა და სამოთხის საკითხი: ,,…. დამღუპველი გავლენა ჯოჯოხეთისა სამოთხეზე ისევ ისეთი ლურჯი და მშვიდი, ისეთი მშვიდი ისეთი მშვიდი ისეთი მშვიდი და სიმშვიდით რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შენაცვლებითია მაინც უკეთესია ვიდრე არაფერი.’’ (ბეკეტი:1948) თუმცა ეს წინადადება კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას ბადებს. თუ ამ წინადადებას შუაზე გავყოფთ მივიღებთ ერთ მხარეს ,,ჯოჯოხეთის დამღუპველ გავლენას“ ხოლო მეორე მხარეს ,,სამოთხეს, რომელიც მშვიდია“. იესოს მოძღვრების ცენტრალურ თემასაც სწორედ ის წარმოადგენს, რომ ჩვენი ქმედებებით ჯოჯოხეთს ზურგი ვაქციოთ და სამოთხისაკენ დავიწყოთ სვლა. მაგრამ ლაქი აერთიანებს ორივე მათგანს და საბოლოოდ ვიღებთ იმას რომ არსებობს ,,სამოთხეზე ჯოჯოხეთის დამღუპველი გავლენა“, ანუ მონოლოგის მიხედვით ცოდვაცა და ცდუნებაც სამოთხეში პოულობს ადგილს. ეს კი არა მხოლოდ სამოთხის სიმშვიდეს არღვევს, არამედ ქრისტიანობის მთელ სტრუქტურასა თუ იერარქიას თავდაყირა აყენებს, რადგან ბოროტებაცა და სიკეთეც ერთ სიმაღლეზე ჩნდებიან. ამას გარდა რაში უნდა სჭირდებოდეს ლაქის რწმენის სისუსტის ჩვენება, როდესაც ამბობს, რომ სამოთხის სიმშვიდე არის შენაცვლებითი, ცვალებადი და უბრალოდ უკეთესი ვიდრე არაფერი? საფიქრებელია, რომ რწმენის გაჩენის საბოლოო შედეგია ამ რწმენის კვლავ დაკარგვა.
ლაქი მხოლოდ ამ საკითხებზე საუბრით არ იფარგლება და აგრძელებს მსგავსი იდეის განვითარებას: ,,….. მოკლედ რომ ვთქვათ ეგ კაცი, რომ შევაჯამოთ ეგ კაცი მიუხედავად იმისა, რომ საზრდოს მოიპოვებს და იკვებება და იწმინდება ნაგვისაგან და შემდეგ ისევ მოიხმარს ამ ნარჩენებს, და ისევ და ყოველივე ეს ერთდროულად, ერთსა და იმავე დროს ხდება….’’ (ბეკეტი:1948). საოცარია ის თუ როგორ აღწერს ლაქი ადამიანს და ზოგადადა კაცობრიობას, კაცობრიობას რომლის გადარჩენის იმედიც აღარც კი არსებობს, რადგან ერტადერთი რაც მეოცე საუკუნის ადამიანს ანაღვლებს მუცლის გაძღობაა და სხვა არაფერი, მისთვის სულიერებაცა და რწმენაც ის ტვირთია, რომლის ტარებაც უმიზნო და უაზროა, რადგან ის შენ საჭმლით ვერ უზრუნველგყოფს.
    ლაქის მონოლოგის დროს სხვა პერსონაჯებში დაძაბულობა იზრდება, და როდესაც ლაქი თავის ფინალურ მონაკვეთზე გადადის, ვლადიმირი, ესტრაგონიცა და პოცოც ეძგერებიან მას და არ ასრულებინებენ იმას, რისი თქმაც სურს. შედეგად კი ლაქის მონოლოგი შემდეგი ფრაზი მთავრდება:,,….მიუხედავად ჩოგბურთისა წვერზე ცეცხლის ალები ცრემლები ქვები ისეთი ლურჯი ისეთი მშვიდი აფსუს! აფსუს! თავისქალაზე, ქალაზე, ქალა კონემარაში მიუხედავად ჩოგბურთისა საქმენი მიტოვებულია დაუმთავრებლად….’’ (ბეკეტი:1948)
    გასაკვირი არაა, რომ ლაქი თავის მონოლოგში ჩოგბურთს ახსენებს, რადგან ამ თამაშს თავის დროზე, ანუ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, რომგორც ,,Jeu de paume’’, ანუ ხელის გულის თამაშს მოიხსენიებდნენ. შესაძლებელია რომ აქ ქრისტეს სტიგმატა იგულისხმება, რომელიც მან ურწმუნო თომას აჩვენა, როგორც სამხილი მისი იდენტურობისა და აღდგომისა. ცეცხლის კი შეიძლება პენტეკოსტელურ ალად მივიჩნიოთ. პენტეკოსტელი იმ ქრისტიანთა საერთო სახელწოდებაა, რომელთა თავისებურებას ქარიზმატული განწყობილება, რელიგიური ანთებულობა და უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი წარმოადგენს. საფიქრებელი, რომ ცრემლები მარიამ მაგდალინელსაა, რომელმაც აღმოაჩინა იესოს ცარიელი საფლავი. ხოლო ქვა სწორედ ის უზარმაზარი ქვაა, რომლითაც იესოს საფლავის შესასვლელი იყო დალუქული. თუმცა ამ ყოველივეზე უფრო შთამბეჭდავია ის სიტყვები, რომლითაც ეს მონაკვეთი მთავრდება, ,,….საქმენი მიტოვებულია დაუმთავრებლად….’’ ანუ მიუხედავად ყველაფრისა  რწმენა მაინც დაიკარგა.
  იესო ქრისტეს ასწავლიდა კაცობრიობას, რომ უნდა ეზიდათ თავიანთი ჯვარი, მაგრამ ის რასაც ლაქი მთელი პიესის განმავლობაში დაათრევს უბრალოდ ტვირთია და მეტი არაფერი, რაღაც რაც თრევადაც არ ღირს და მიუხედავად იმისა, რომ ლაქიმ თავისი სამსახური მაღალი მიზნებისათვის წამოიწყო, საბოლოოდ დაამთავრა როგორც მონამ, რომელმაც გაუგებარ ენაზე გაურკვეველ რაღაცეებს საუბრობს და რომელიც ვერანაირად ვერ შეძლებს რწმენის ჩანერგვას, რადგან პიესის სამივე პერსონაჟი მის გაჩუმებას ცდილობს და ახერხებენ კიდეც.

No comments:

Post a Comment